ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘ მარიამ ხატიაშვილი „ნაცნობი“ და „უცნობი“ ამერიკელი ქალები 1860-1880-იანი წლების ქართული პრესა-პერიოდიკის მიხედვით ისტორიული თვალსაზრისით, მე-19 საუკუნე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოირჩევა ამერიკელი ქალებისათვის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური თანასწორუფლებიანობის მოსაპოვებლად წამოწყებული იდეოლოგიური მოძრაობებით, რომლებმაც ამერიკული საზოგადოების ძირეული ცვლილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობა ამერიკელებისათვის ადამიანის უსაზღვრო სრულქმნის აზრის შთამაგონებელია და თავისუფლებასთან შედარებით თანასწორობისადმი უფრო მეტად მგზნებარე სიყვარულს იჩენდნენ, ალექსის დე ტოკვილის სიტყვებით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, მათ მეტი ყურადღება მიაქციეს ორი სქესის საქმიანობის სფეროს მუდამ მკაფიო გამიჯვნას [ტოკვილი, 2011: 461]. თუმცა, 1848 წელს სენეკა ფოლსში ქალთა უფლებების მოსაპოვებლად ჩატარებული პირველი ყრილობის შემდეგ, იმ ამერიკულ საზოგადოებაში, რომელსაც მანამდე არასწორად ჰქონდა განსაზღვრული ქალსა და მამაკაცს შორის არსებული თანასწორობის საკითხი, დაიწყო ქალების მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევის პროცესი. აღნიშნული სტატიის მიზანია 1860-1880-იან წლებში ქართულ პრესა-პერიოდიკაში ამერიკელი ქალების შესახებ გამოქვეყნებული მასალების ანალიზი, ქართულ საზოგადოებაში მათი სტატუსისა და იმიჯის განსაზღვრა და იმის შესწავლა, თუ რამდენად უტყუარია ეს ინფორმაცია ამერიკის ისტორიულ წარსულთან შესაბამისობაში. ერთ-ერთ პირველ ცნობას ამერიკელი ქალის შესახებ გვაწვდის გაზეთი „დროება“ და თარიღდება 1867 წლის 8 სექტემბრით. საგაზეთო სვეტი „სხვადასხვა ამბავი“, რომლის ავტორი უცნობია, მოგვითხრობს, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეუძლებელია ქალმა მარტო ისეირნოს, რადგან კაცები ქუჩაში „უპატიურებას აყენებენ“. ამის ფონზე, ავტორი წერს, რომ ამერიკაში გასათხოვარი ქალი ყოველთვის თავისუფლად დადის არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მარტო მგზავრობს ერთი ქალაქიდან მეორეშიც კი. რადგან არსებობს ადათი, რომლის მიხედვითაც „მანამ ქალი არ დაელაპარაკოს კაცსა, კაცისაგან გამოლაპარაკება ძალიან უმართებულობათა აქვთ მიღებული“ [დროება, 1867: 4]. ხოლო ხშირად, როდესაც სხვადასხვა შემთხვევის გამო, სარისკოა მარტო წასვლა, ამერიკელი ქალი სთხოვს კაცს რომ გააცილოს. კაცის მხრიდან უარის თქმა ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა მართებული. 1867 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ჩასულიერთი ამერიკელი გასათხოვარი ქალი დარწმუნებულა, რომ პარიზში მარტოდ ჩასულ ქალს გვერდით მცველი უნდა ჰყოლოდა. ამიტომ შეარჩია, დაიქირავა მაღაზიის „პრიკაშჩიკი“ და იმ იმედით, რომ არ იქნებოდა ქალის მოარშიყე და უმართებულოდ არ მოექცეოდა გააფორმა „უცნაური შეკრულობის წერილი“ რომლის მიხედვით „პრიკაშჩიკი“ ქალის დროებითი მცველი და მეგზური უნდა ყოფილიყო პარიზში ყოფნისას. თურმე „პრიკაშჩიკი“ მართებულად და ზრდილად ექცეოდა, ქალი კი მადლობელი ყოფილა მისი ამორჩევით. ორი კვირის შემდეგ დაპირებული ფული გადაუხდია, ერთმანეთს დამშვიდობებიან პატივისცემითა და კმაყოფილებით და ქალი ამერიკაში გამგზავრებულა. საგაზეთო ჩანართში ამ შემთხვევიდან ასეთი დასკვნაა გაკეთებული: „თუ ქალსაც თავის თავის შენახვა უნდა, შეინახავს“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტატიის ავტორი უცნობია. არც ის ვიცით, საიდან მოიპოვა მან ეს ინფორმაცია. შეიძლება, პარიზში ყოფნისას თავად მოისმინა ეს ამბავი, ან ვინმემ მოუყვა, ან თუნდაც რომელიმე გაზეთში წაიკითხა. ერთადერთი შეგვიძლია განვსაზღვროთ ის, თუ რამ აიძულა იგი ამგვარი ამბის დასაწერად. სტატიის დასაწყისში იგი აღნიშნავს, რომ 10-15 წელი არ იქნება, რაც ქალებმა მარტო დაიწყეს ბაზარში სიარული. საერთოდ, როგორც ირკვევა, საზოგადოებისათვის ორი მთავარი მიზეზის გამო ყოფილა უჩვეულო ქუჩაში ქალის მარტო სიარული. ჯერ ერთი, შეუჩვევლობის გამო და, მერე მეორეც, ყმაწვილი კაცები უმართებულოდ იქცეოდნენ, ზოგ ქალს აჭრიდნენ ლეჩაქს, ზოგს შალს, თმას, ზოგს კი აუპატიურებდნენ. 1860-იან წლებში სიტუაცია ცოტათი გაუმჯობესებულა და ახლა მხოლოდ დღისით დადიოდნენ ქალები მარტო. ავტორი დანანებით ამბობს „წამხდარი და პირუტყვული ყოფაქცევის“ მქონე ხალხის შესახებ, რომელიც არ ესარჩლება და ეხმარება მარტოდ მყოფ ქალს. საქართველოსა და ევროპის მაგალითების განხილვის ფონზე, აღნიშნული საგაზეთო სვეტი ამერიკას საუკეთესო მოდელად განიხილავს ქუჩაში ქალთა უსაფრთხოდ გადაადგილებისა და იმ ადათ-წესების გამო, რომლებიც კაცების მხრიდან ქალებისადმი მოწიწებისა და პატივისცემის გამომხატველია. მნიშვნელობა არ აქვს სად წახვალ, რაც არ გსურს იმას არ გააკეთებ და ყველაფერს იღონებ საკუთარი თავის დასაცავად. ამას მოწმობს პარიზში მყოფი ამ ამერიკელი ქალის ისტორია, რომელიც საკითხს პრაგმატულად და პროგრესულად მიუდგა. სტატიაში არ არის აღნიშნული არც ქალის სახელი, არც პროფესია და არც ასაკი. ის ცნობა, რომ იგი ხშირად დადიოდა საყიდლებზე ერთ გამოჩენილ მაღაზიაში და ასევე მისი თავაზიანი საქციელები, გონებაგამჭრიახობა, წინდახედულობა, მოწმობს იმას, რომ მაღალ სოციალურ კლასს მიეკუთვნებოდა. მან იცოდა საზოგადოებაში სათანადოდ მოქცევის ეტიკეტი და კარგი მანერები. მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ამერიკაში ქვეყნდებოდა წიგნები, რომლებიც ქალბატონებს ასწავლიდნენ საზოგადოებაში დახვეწილ სოციალურ ქცევებს. მაგალითად, 1856 წელს ნიუ იორკში გამოქვეყნებულ წიგნში „ქალბატონების მეგზური“ [Thornwell, 1856: 78] დეტალურადაა აღწერილი საზოგადოებაში მოქცევის თავაზიანი წესები, მათ შორის ისიც, რომ შესაძლებელია შებინდებისას ქალმა სთხოვოს კაცს ან მსახურს, რომ გაუწიოს მეგზურობა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ „უცნობ“ ამერიკელ ქალს წაკითხული ჰქონდა აღნიშნული წიგნი. გაზეთში „დროება“ აღწერილი ამ უცნობი ქალის ამბავი სანიმუშო და სამაგალითო უნდა ყოფილიყო ქართული საზგადოებისათვის და, ვინ იცის, ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ თბილისში მოსეირნე, ან თუნდაც პარიზში ჩასულმა რამდენმა ქალმა დაიქირავა დამცველი?
ამერიკელი ქალებისა და ქალთა საკითხების შესახებ 1860-იანი წლების ქართულ პრესაში კიდევ რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია გამოქვეყნდა, მათ შორის 1866 წლის „დროება“-ში „ამერიკის ქალების პეტიცია (თხოვნა), რომ იმათ მიენიჭოს პოლიტიკური უფლება“, ხოლო 1869 წლის „დროება“-ში ამერიკაში დაარსებული ქალთა ასოციაციებისა და გამოცემემული ჟურნალებისა [დროება, 1869: 4] და „ჩინოვნიკი-დედაკაცების“ შესახებ [დროება, 1869: 4]. ამავე თემაზე გაზეთ დროებაში 1869 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ამერიკის შკოლები“ სერგეი მესხი მსჯელობს ამერიკელ ქალთა სოციალურ-პოლიტიკური აქტივობებისა და იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ქალთა კონგრესიც კი შეუქმნიათ [დროება, 1869:1-2]. 1872 წელს თბილისში გამოვიდა ეკატერინე მელიქიშვილის მიერ ნათარგმნი „მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ქალები,ბიოგრაფიული სურათები“, რომელიც შეიცავს ორ მოთხრობას ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდის გამოჩენილი ქალების - ელეონორე უილსონისა და მერი სლოკემბის შესახებ. აღნიშნული მოთხრობების ავტორია ამერიკელი ქალების პირველი ამერიკელი ისტორიკოსი ელიზაბეტ ელეტი. მისი ყველაზე დიდი შენაძენი ამერიკულ კულტურაში არის სამტომეული „ამერიკელი რევოლუციის ქალები“. მოთხრობა ელეონორე უილსონის შესახებ მესამე [Ellet, 1856: 347], ხოლო მერი სლოკემბის შესახებ პირველ ტომშია [Ellet, 1818: 304] გამოქვეყნებული. საინტერესოა, თუ რა მიზნით შეირჩა ეს ორი მოთხრობა ქართულ ენაზე გადმოსათარგმნად? როგორც წიგნის მკითხველისადმი მიმართული წინასიტყვაობიდან ვიგებთ, უცხოური ენებიდან გადმოთარგმნილ აზრიან მოთხრობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული საზოგადოებისათვის. მისი საშუალებით ის გაიცნობს დაწინაურებული ქვეყნების ცხოვრებას, იმათ აზრს, გონების მიმართულებას, წადილს იმ იმედით, რომ ამგვარი ცოდნა უნაყოფოდ არ ჩაივლის. ხოლო მოთხრობები ზომით მცირე იმიტომ შეურჩევიათ, რომ ადვილად წასაკითხი, სიამოვნებისა და სარგებლის მომტანი ყოფილიყო მკითხველისათვის. დარწმუნებული ვართ, ელეანორ ვილსონისა და მერი სლოკემბის შესახებ გამოქვეყნებული მოთხრობები მართლაც სასარგებლო იქნებოდა ქართული საზოგადოებისათვის. ვილსონი, მრავალშვილიანი დედა, არაჩვეულებრივი ენერგიის, გონების მქონე ქალი იყო. სლოკემბიც ვილსონის მსგავსად პატრიოტი გახლდათ. მათი სიმამაცე და თავგანწირულობა ამერიკის რევოლუციურ ომში ამერიკელი ქალებისათვის დამახასიათებელი ყოფილა. ქართველ მკითხველთა წრისათვის კი არყოფილა პროპაგანდისტული შინაარსის, რადგან ეყრდნობა ისტორიულ წყაროებს და უტყუარ ინფორმაციას შეიცავს. ხოლო ამ ორი ქალბატონის ხასიათისა და მოღვაწეობის შედარება ისტორიულ ქართველ ქალებს შორის, მათ შორის მაია წყნეთელთან. 1870-იანი წლების ქართული პრესიდან აღსანიშნავია გაზეთის „დროება“ სტატია „ზანგებისა და ქალების უფლებები ამერიკაში“ [დროება: 1870, 3], ხოლო ამავე გაზეთის 1872 წელს გამოქვეყნებული ინფორმაცია „ნარევი:ქალთა განათლება ამერიკაში“ [დროება:1872:4]. 1887 წლის 23 მაისის გაზეთში „ივერია“ საგაზეთო სვეტში „ფელეტონი, უცხოთა შორის“ გამოქვეყნებულია რამდენიმე მცირე ზომის ინფორმაცია ამერიკელი ქალების შესახებ. პირველი ინფორმაცია ეხება იმ ფაქტს, თუ როგორ ჩაიბარეს ქალებმა ქალაქ სტოქტონის, ტეხასი, გამგეობის საქმეები მას შემდეგ, რაც კაცები საქმეებს ვერ აგვარებდნენ და მათ გაცვალეს ერთმანეთის როლები. იმდენად კარგად გადაუწყვეტიათ ქალებს სტოქტონის საქმეები, რომ არჩევნებშიც მიუღიათ მონაწილეობა და საბჭოს წევრების გამხდარან [ივერია, 1887: 1-3]. ეს ფაქტი გინოკრატიის კონტექსტში უკავშირდება ანტიკური პერიოდის მწერლის არისტოფანეს კომედიას „ქალთა სახალხო კრება“. ამ ორივე შემთხვევაში ქალები უკმაყოფილონი არიან კაცების მიერ ქალაქის მართვის სისტემით და დარწმუნებულნი არიან, რომ მძიმე მორალურ და ეკონომიკურ მდგომარეობამდე მისული საზოგადოების გადარჩენა მხოლოდ შრომისმოყვარე ქალებს შეუძლიათ. ხოლო, ათენისაგან განსხვავებით, სტოქტონში ქალებს არ დასჭირდათ მამაკაცის სამოსის გადაცმა, პირიქით, შერცხვენილმა კაცებმა ქალაქის მართვის სადავეები თავად ჩააბარეს მას შემდეგ, რაც ქალებმა უთხრეს: “თქვენ მამაკაცები-კი არა, დედაკაცები ჰყოფილხართ; ქუდი-კი არა, ლეჩაქი უნდა გეხუროთ თავზე-და, რახან ღმერთს თქვენთვის უნარი არ მოუცია, მაშ წადით, დასხედით შინა, სახლზე თვალ-ყური იქონიეთ, შვილებს მოუარეთ, თქვენი ადგილი ჩვენ დაგვითმეთ, ქალაქის გამგეობა ჩვენ ჩაგვაბარეთ და გაჩვენებთ,როგორ უნდა ქალაქის მოვლაო“ [ივერია, 1887: 1-3]. ქალთა მმართველობის საკითხი ნებისმიერ ეპოქაში დიდი განსჯის თემაა და, თავის მხრივ, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნას უკავშირდება. ათენში ძალაუფლება პრაქსაგორას მეთაურობით ქალებს გადაეცათ, ისევე როგორც „უცნობი“ სტოქტონელი ქალების წყალობით სტოქტონელ ამერიკელ ქალებს. მაგრამ, მათ შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ თუ არისტოფანესთან პრაქსაგორას პროგრამა გარეგნულად იმარჯვებს და თავისი აბსურდული სრული თანასწორობის გეგმის გამო მარცხდება, სტოქტონელმა ქალებმა მთელი ქალაქის საქმეები წარმატებულად მოაგვარეს და მომდევნო არჩევნებშიც საბჭოს წევრების ადგილები დაიკავეს. 1880-იანი წლების ქართული პრესიდან ამერიკელი ქალების შესახებ მეორე საყურადღებო ცნობაა ბოსტონში მცხოვრები სარა გოუს შესახებ. მას 1878 წელს გაუხსნია „ქალების ბანკი“, რომელიც მხოლოდ ქალებს ემსახურებოდა და რომელშიც ქალები მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო ბანკის გახსნა, ორჯერ მოატყუა ბანკის კლიენტები, ერთხელ სამწლიანი სასჯელი მოიხადა, მეორეჯერაც მიიმალა და ვეღარ იპოვეს [ივერია, 1887: 1-3]. ამ ორი ინფორმაციის დაზუსტება ამერიკის ისტორიიდან ვერ შევძელით, რადგან ცნობები არ მოიპოვება. საგაზეთო სვეტის ავტორი არის დონ-იაგო, იგივე იაკობ მანსვეტაშვილი. ინფორმაციის ბოლოს იგი ამბობს, რომ გაგვაცნო საქვეყნო ასპარეზზე ქალების მოღვაწეობის „მზიან-ჩრდილიანი“ სურათი. მისი აზრით, ეს იმ უფლებების შედეგია, რომელსაც ქალები ძალიან ნატრულობდნენ. თუმცა იმის დაბეჯითებით თქმა, რომ ქვეყანა გაბედნიერდება თუ ქალები კაცების მსგავსად ქუდებს დაიხურავენ, არ შეუძლია. 1888 წლის გაზეთის „ივერია“ ასევე დონ იაგოს, იგივე იაკობ მანსვეტაშვილის „ფელეტონი“ გვამცნობს ამერიკელი ქალების აზრს მამაკაცების შესახებ, რომელსაც მას მისივე ნაცნობი დიპლომიანი ქალი უყვება. ამერიკელი ქალების აზრით, მამაკაცები უცნაური ხალხია, რადგან მეათე ნომრის წაღებს ატარებენ და ხვნეშიან. ქუდებს არ ატარებენ ფაქიზად, მუდამ დაგლეჯილი ქოლგები აქვთ. ამერიკელ მამაკაცებს არ ჰყვარებიათ საზოგადოებაში ქალების ლაპარაკი, თვითონ კი კლუბში გაცხარებულნი ლაპარაკობენ პოლიტიკაზე და ხან ჭორაობენ კიდეც. ქალებს საყვედურობენ ლამაზი და მოდური კაბების ჩაცმას, სადად ჩაცმულ ქალებს კი ზედაც არ უყურებენ. „მერწმუნეთ, სადად ჩაცმული რომ შეხვიდეთ, თუნდა სადმე კრებაზე, ყურადღებას არავინ მოგაქცევთ, ადგილსაც არავინ დაგითმობთ. აბა ახლა მდიდრად, კეკლუცად ჩაცმული დაგინახონ, - უყურეთ, როგორ წამოხტებიან და მოსვენებას აღარ მოგცემენ: არა, აქ დაბრძანდით, არა, აქაო!...“ [ივერია, 1888: 1-3]. ეს სიტყვები მიგვანიშნებს,რომ ავტორის ნაცნობი ქალი თავად ყოფილა ამერიკაში და საკუთარ თავზე გამოუცდია ეს ყველაფერი. თუმცა, ბოლოს ამბობს: „რაც უნდა ღვთის რისხვა იყოს გარეთ, შინ მაინც უიმისობა არ ვარგა“. ზემოთ განხილული მაგალითები მოწმობს, რომ ქართული პრესა-პერიოდიკის მეშვეობით 1860-1880-იან წლებში ქართულ საზოგადოებაში არსებობდა ინფორმაცია ამერიკელი ქალების, ქალთა უფლებებისა და საკითხების, სოციალურ ასპარეზზე მათი აქტიურობის, პრაგმატულობის, გმირობის შესახებ. ამ მასალებში მოხსენიებული ქალები არიან როგორც უცნობი, ასევე ნაცნობი. უცნობ ქალებში იგულისხმება ის ქალები, რომელთა შესახებ აღწერილი ცნობების მოძიება ამერიკის ისტორიაში შეუძლებელია და, შესაბამისად, პრესაში აღწერილი ინფორმაციის წყაროს დადგენაც შეუძლებელია. მათ შორის არის, „პარიჟელი ქალი“, „სტოქტონელი ქალები“ და სარა გოუ. ამის საპირისპიროდ, ელეონორე უილსონი და მერი სლოკემბი „ცნობილი ქალები“ არიან. დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ 1860-1880-იანი წლების ქართულ საზოგადოებაში ამავე პერიოდის ქართულ პრესა-პერიოდიკაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ამერიკელი ქალი იყო პრაგმატული, გამჭრიახი, დამოუკიდებელი, მართვა-გამგებლობის უნარის მქონე, გონებრივად მოქნილი და მატყუარა, გმირი, პატრიოტი, ოჯახისა და საოჯახო საქმეების მოყვარული, მოდური და ლამაზად ჩაცმული. დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმაც, რომ ამერიკელი ქალების შესახებ წარმოდგენილი ცნობები ქართველ ქალებს ეხმარებოდა თვალსაწიერის გაფართოებაში და ახალი შესაძლებლობებისკენ სწრაფვის სურვილს უღვიძებდა.
გამოყენებული ლიტერატურა:
|